logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ
- +

30 მაისი. 2016. 14:08


შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის  დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში წერია.



ყოფილი პრემიერის აზრით,  ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება.



როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს. რასაკვირველია, ჩვენ მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

 

 

სააკაშვილს ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს - ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის - აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი - პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი  პატარა ჯგუფს უნდა ემართა. ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით.

 

 

აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს - ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზდა ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის.

 

სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!

 

დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია.

 

ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას.

 

პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად  ითვლება.

 

მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი", - წერია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner