„სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდე საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო“, - ამასთან დაკავშირებით სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია მოლაშვილი საუბრობს.
„მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა ექსპერტიზა… მაიას რიყესთან შევხვდი, მე მაშინ არც ვიცოდი, მაია ვინ იყო. დამირეკა, თქვენთან საქმე მაქვს და ისეთ ადგილას შემხვდი, რომ არავინ დაგვინახოსო. შევხვდით, სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდე საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო. მაიამ მითხრა, სულხანმა გადმოგცა, კარგად ვარ, არ ინერვიულოსო და უცებ მაძლევს იმ საშინელ ფოტოებს. მე ვუთხარი, ქალბატონო მაია, ამას ჰქვია კარგად ყოფნა-თქო?! ვნახე უკვე, რა დღეშიც იყო სულხანი. მაიას გადაღებული ფოტოები გავრცელდა შემდეგ…
ჩვენ არ გვქონდა სულხანთან შესვლის უფლება თითქმის 2 წელი, სულხანი ეხვეწებოდა, ბავშვები მაჩვენეთ, ვაკოცებ ერთხელო… ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდა, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო…ელენეს ლაპარაკიც კი არ შეეძლო… ეგენი ადამიანები არ იყვნენ… ფაქტი სახეზეა, ვინც დამნაშავეა სულხანის წამებაში და მის ასეთ გაუბედურებაში, ყველა დაუსჯელია დღეს. ისიც კი აწუხებდათ, რომ სულხანი ცოცხალი გადარჩა და სუნთქავდა. სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, არ ელოდნენ, ასე თუ გახმაურდებოდა სულხანის წამების ფაქტი და მთელი მსოფლიო გაიგებდა“,- აღნიშნავს თათია მოლაშვილი.