„ჩვენ ვიმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან და იმ სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გზის გაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ყველა ინფორმაცია გადამოწმდება.
„ეს ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება. მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად, ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. დღეს და ხვალ არის დაგეგმილი მუშაობა. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე, ყველა ეს საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. კომისია არის მოწადინებული, რომ საკითხების მოგვარება მოხდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
კითხვაზე, როგორია მინისტრის შეფასება გავრცელებულ ინფორმაციაზე და რაზე მიუთითებს აზერბაიჯანული მხარის ქმედება, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უნდა გადამოწმდეს, კონკრეტულად რა მონაკვეთზე ხორციელდება სამუშაოები.
„ორი საათია მთავრობის სხდომაზე ვიმყოფები. ეს ინფორმაცია ახლა გავრცელდა საინფორმაციო საშუალებით. უნდა გადამოწმდეს, სად მიმდინარეობს, რომელ ტერიტორიაზე, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს თუ არა. ჩვენ გვყავს მესაზღვრეები, რომელთაგანაც მჭირდება, მქონდეს ინფორმაცია, ზუსტი ინფორმაცია, ისე, როგორც ჩვენს კომისიას სჭირდება“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
კითხვაზე რა მოლოდინი აქვს სადელიმიტაციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე იმოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
„მოლოდინები არის ის, რომ, რა თქმა უნდა, კომისია იმსჯელებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ კომისია მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ცდება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და იმ სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტომასალა და ვიდეოკადრები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანულ მხარეს ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, ტექნიკის მობილიზება ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაოებს უკავშირდება.