„დიასპორული საქმიანობა მსოფლიოს გარშემო საერთო ქართული საქმეა, რომელშიც თითოეული ადამიანის წვლილი ფასდაუდებელია. ჩვენი სახელმწიფოს წარმატების აუცილებელი წინაპირობა კი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო ერთობაა, რისი მრავალი მაგალითიც საბედნიეროდ გვაქვს“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დირექტორი რატი ბრეგაძე ქართული დიასპორის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის მიერ ამ სფეროში გადადგმული ნაბიჯების და მიღწევების შესახებ დიასპორული მედია მაუწყებლის – Diaspora.ge-ს ექსკლუზიურ კითხვებზე გვპასუხობს, საიდანაც ჩვენი მკითხველი არა ერთ საინტერესო და საყურადღებო ინიციატივის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს, რისთვისაც ბ-ნ რატი ბრეგაძეს მადლობას ვუხდით:
– ბატონო რატი, ცნობილია, რომ თქვენი უშუალო მონაწილეობით და ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ქართულ დიასპორასთან კავშირის აუცილებლობის შესახებ. თუ შეგიძლიათ, ვრცლად განუმარტოთ საზოგადოებას, თუ რა მნიშვნელობის არის ეს ჩანაწერი და რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს მას?
– მოგესალმებით და მადლობას გიხდით იმ საინტერესო და აქტუალური კითხვებისთვის, რომელზე პასუხებიც, ვფიქრობ, საშუალებას მომცემს, ვისაუბრო დიასპორის მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებზე, ახალ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.
ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ქართულ დიასპორასთან კავშირის აუცილებლობის შესახებ, გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დიასპორის მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებაზე და მიუთითებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობაზე. საქართველოს სახელმწიფომ თავის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობად თანამემამულეებზე ზრუნვა გაიხადა, რაც აისახა ქვეყნის უზენაეს კანონში – კონსტიტუციაში. საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის სრულყოფისათვის, საქართველოს კონსტიტუციაში განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
მეორე მნიშვნელოვანი ჩანაწერი გახლავთ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სხვადასხვა მიზეზით სჭირდებოდათ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება, უწევდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, რაც, ხშირ შემთხვევაში მათ სურვილს ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა ორმაგი მოქალაქეობის კონსტიტუციური აკრძალვა.
- სულ ახლახან დიასპორის დეპარტამენტის მიერ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, შეიქმნა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ელექტრონული წიგნები. თუ შეიძლება მოგვითხროთ ვრცლად ამ პროექტის შესახებ..
-დიასპორის მიმართ საგარეო უწყების პრიორიტეტების ქვაკუთხედს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში, განსაკუთრებით კი თანამემამულე მოზარდებში ქართული ცნობიერების ჩამოყალიბება, განვითარება და სათანადო ხარისხში აყვანა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის პირველად მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა – საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების გაერთიანებული სწავლების კურსი. აღნიშნული პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომელიც მოიცავს მოსწავლის სახელმძღვანელოს, სამუშაო რვეულს, კალიგრაფიის რვეულს და მასწავლებლის გზამკვლევს. სახელმძღვანელოები განკუთვნილია 6-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისება-განვითარებასა და შესაბამისი საფეხურის მიზნების მიღწევას. 2018 წელს დასრულდა სახელმძღვანელოების სამივე საფეხურის დაბეჭდვა. აღნიშნული სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამისა და სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. იმედი მაქვს, საკვირაო სკოლების სახელმძღვანელო მოწონებას დაიმსახურებს სკოლების აღსაზრდელთა შორის და დამატებით მუხტს შესძენს მათ საქმიანობას.
- თქვენი ინიციატივით შექმნილი პროექტი „გახდი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“- რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება, გახდება თუ არა მომავალ წელს უფრო მასშტაბური და მოიცავს თუ არა სხვა ქვეყნებსაც?
- დიასპორის ახალგაზრდა თაობის როლისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მათი პოტენციალის სრულად რეალიზების და სამშობლოში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამემამულე სტუდენტების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას სამშობლოს სასიკეთოდ. პროგრამა მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად. „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის საშუალებით, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ და სწავლობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებების განხორციელებისა და უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნის გზით მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ, გაზარდონ საქართველოს ცნობადობა, პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ კულტურას. 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, შემოსული 76 განაცხადიდან, ღია კონკურსის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით 15 გამარჯვებული გამოავლინა შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, იტალიის რესპუბლიკა, უკრაინა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, ნიდერლანდების სამეფო. 2018 წლის 8-9 ნოემბერს, ქ. თბილისში ჩატარდა „ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“, რომელზეც გამარჯვებულმა „ახალგაზრდა ელჩებმა“ წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ 19-22 მარტს, ქ. ვენაში, ავსტრიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA2-ის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩების სასწავლო ვიზიტი გაიმართა, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების, კონკრეტულად კი განვითარებისა და დიასპორის ჩართულობის უკეთ შესასწავლად და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასავითარებლად. სასწავლო ვიზიტის დროს ახალგაზრდა ელჩებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან, საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის ვენის ინსტიტუტის (VIDC) წარმომადგენლებთან, ევროპის აფრიკული დიასპორის ახალგაზრდული ფორუმის (ADYFE) წევრებთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ავსტრიის რესპუბლიკაში, ბატონ დავით დონდუასთან. სამუშაო შეხვედრა გაიმართა კომუნიკაციის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებითაც. „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, დიდია ჩვენი ახალგაზრდების ინტერესი პროგრამის მიმართ. ასე რომ, ვფიქრობ, სამომავლოდ, შესარჩევი ქვეყნების არეალი გაფართოვდება და „ახალგაზრდა ელჩების“ რიცხვიც გაიზრდება.
- ბოლო პერიოდში გამოითქმის განსხვავებული მოსაზრებები „დიასპორის ფორუმთან“ დაკავშირებით, როგორია თქვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა სიახლეები?
- როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 27 მაისი ქართული დიასპორის დღედ არის გამოცხადებული და იგი ყოველ წელიწადს, ტრადიციულად საქართველოში აღინიშნება. „დიასპორის დღის“ აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გარდა იმისა, რომ იგი განუმტკიცებს ჩვენს დიასპორას სამშობლოსთან ერთიანობის განცდას, იგი მძლავრ იმპულსს სძენს დიასპორის საქმიანობას. ზოგადად ამგვარი ფორუმები საუკეთესო პლატფორმაა დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად, კონტაქტების დასამყარებლად, ხელს უწყობს დიასპორის ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში და განვითარების პროცესში, მათ აქტიურ მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების წარმოჩენაში. სახელმწიფოს კი უიოლებს დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების უკეთ აღქმას და მათ გაანალიზებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო წელსაც არ დაარღვევს ღონისძიების ფორმატს და 27-28 მაისს, ქ. თბილისში ჩატარდება დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს ოთხი თემატური ჯგუფი: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თემატურ ჯგუფებში მომხსენებლები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას და გაუზიარებენ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას ფორუმის მონაწილეებს. თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს სამინისტროს სამომავლო გეგმებში.
- ელჩების კონფერენციის შემდგომ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში გამოიყოფა დიასპორის მხრიდან წამოსული ინიციატივების მხარდასაჭერად რესურსები, კონკრეტულად რა სახის პროექტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად საგარეო საქმეთა სამინისტრო?
- დიასპორასთან მიმართებით სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების სათანადოდ განხორციელებისათვის აუცილებლობად იკვეთება დიასპორულ საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა. გამოწვევასთან გამკლავება დიასპორული ინიციატივების წამახალისებელი სისტემური მიდგომის დანერგვას საჭიროებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს უპრეცენდენტო „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დაფინანსდება საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიასპორულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტები. უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც თანხვედრაში იქნება სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებულ ჩვენს საერთო მიზნებთან, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თანამემამულეების მოზიდვისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მათი ჩართვის, საქართველოს საგარეო მისწრაფებების – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის, დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის, დიასპორული ტურიზმის განვითარების, და სხვ. კუთხით. პროგრამის არსია, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს. პროექტების წარდგენა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს. გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსების თაობაზე მიიღებს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებისაგან. მიმდინარე წლის 25 აპრილს გამოიცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ დავით ზალკალიანის ბრძანება საგრანტო პროგრამის – ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა’’ დამტკიცებისა და პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ“. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. განაცხადების მიღება იწყება 14 მაისს და დასრულდება 14 ივნისს. დიასპორის თემატიკით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ აქტიურად ისარგებლონ აღნიშნული შემოთავაზებით და მჯერა, რომ ბევრი საინტერესო ინიციატივის ერთობლივად განხორციელებას შევძლებთ.
- ხშირად სახელდება, რომ ემიგრანტების და დიასპორული ორგანიზაციების სწორად ინფორმირების კუთხით არის პრობლემები – მაგალითად არ მიდის მათთან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, ხშირად საუბრობენ სატელევიზიო გადაცემის არსებობის შესახებ და ა.შ. იგეგმება თუ არა სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით ინიციატივა და დიასპორული მედიის მხარდამჭერი პროექტები?
- დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიასა და დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ პროგრამაში – „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩვენი დიასპორის დროულად და სრულფასოვნად ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, იმ პროექტებისა და პროგრამების თაობაზე, რომელთაც სახელმწიფო დიასპორასთან მიმართებით ახორციელებს ან გეგმავს, რომ განახორციელოს. მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია საკომუნიკაციო პლატფორმის, ვებ-პორტალის შექმნა, რომლის კონცეფციაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შემუშავდა. პირველად შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა – ერთი ფანჯრის პრინციპზე, ურთიერთ სარგებლიანობაზე დაფუძნებული, მომხმარებელზე ორიენტირებული სწრაფი და ეფექტიანი ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი დიასპორული ვებ-გვერდი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ერთმანეთთან და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირს.
დიასპორის აქტივობების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, საელჩოებისა და დიასპორული ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ყოველთვიურად გამოიცემა დიასპორული ბიულეტენი, სადაც განთავსებულია ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი დიასპორული ორგანიზაციები, თანამემამულეები, სტუდენტები, ახალგაზრდა ელჩები ახორციელებენ, საქართველოს პოპულარიზაციის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით.
დიასპორასთან ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობის კონსტიტუციურ რანგში აყვანის შემდეგ კი ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოების მსგავსად მედიაც აღნიშნული პროცესის აქტიური მონაწილე უნდა გახდეს. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მედია-საშუალებებში დიასპორასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო პროექტს ვიხილავთ.
- უცხოეთში უამრავი ახალგაზრდა იმყოფება, ასევე არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც სულ უფრო აქტიური ხდება. უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის რას გეგმავს სახელმწიფო?
- ახალგაზრდობის თემატიკა პირადად ჩემთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. მოგეხსენებათ, 3 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე მინისტრის მოადგილედ და უშუალოდ ვკურირებდი ახალგაზრდულ დარგს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ახალგაზრდა ელჩების პროექტიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. სახელმწიფო მიესალმება და მხარს უჭერს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის სტუდენტური ან ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნას, მათ ფუნქციონირებას, ახალგაზრდული ღონისძიებების, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების და ონლაინ ფორუმების ორგანიზებას, სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას და მოზარდებისა და ახალგაზრდების ბანაკებში დასვენებას.
ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია. უცხოეთში სასწავლებლად, თუ სამუშაოდ წასული ახალგაზრდებიდან ყველა შეიძლება ვერ დაბრუნდეს სამშობლოში, მაგრამ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს მოვალეობაა, დიასპორის ახალგაზრდა თაობის როლისა და საჭიროებების გათვალისწინება, მათი პოტენციალის სრულად რეალიზების და სამშობლოში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განათლების, მეცნიერების სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან, რომელიც მუშაობს ახალგაზრდობის მიმართულებით და ხშირად ვაწვდით საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ახალგაზრდული პროექტების შესახებ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ახლად შექმნილი „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ ასევე აძლევს ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები განახორციელონ. მჯერა, რომ მათი მონაწილეობა განსაკუთრებით დიდი იქნება.
- რას უსურვებდით დიასპორულ მედია მაუწყებელ Diaspora.ge-ს და ჩვენს მკითხველს-ემიგრანტებს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.
- მისასალმებელია ინტერნეტ სივრცეში დიასპორული მედიამაუწყებლის – Diaspora.ge-ს, ქართული დიასპორის ერთიანი საინფორმაციო პორტალის დაარსება. მით უფრო, რომ ინიციატივა თავად დიასპორისაგან მომდინარეობს. Diaspora.ge-ს ვუსურვებდი, ყოფილიყოს დიასპორის ყველა ჯგუფის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული, ყველასთვის საინტერესო და სანდო. ჩვენს დიასპორას კი ვუსურვებ ჩვენი საერთო, უმნიშვნელოვანესი მიზნების ირგვლივ გაერთიანებას, წარმატებებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას და ღირსეულ დაბრუნებას.
ბოლოს კი აღვნიშნავდი, რომ დიასპორული საქმიანობა მსოფლიოს გარშემო საერთო ქართული საქმეა, რომელშიც თითოეული ადამიანის წვლილი ფასდაუდებელია. ჩვენი სახელმწიფოს წარმატების აუცილებელი წინაპირობა კი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო ერთობაა, რისი მრავალი მაგალითიც საბედნიეროდ გვაქვს.
ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი
წყარო: diaspora.ge