logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: თემირლანის გარემოცვაში ყველამ კარგად იცის მისი როლი და ფუნქცია...
- +

24 მაისი. 2019. 15:47

 

 

ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრას“ მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების საქმეზე ესაუბრა:

 

- ეს საუბარი, როგორც ჩანს, კარავშია ჩაწერილი და უფროსი აძლევს უმცროსს ტერაქტის ორგანიზების დავალებას. ჩანაწერში იყო ფრაზა - შენ სასაფლაო შეისწავლე და მე იქ მათ გავანადგურებო.

 

- მაჩალიკაშვილმა ამ განცხადებებს ცხელ გულზე წარმოთქმული ფრაზები უწოდა. ტერაქტს თუ ამზადებდა, დამეთანხმებით, ამას სხვა მტკიცებულებებიც სჭირდება...

 

- ეს ადამიანი ამბობს, ადრე სუს-ში უნდა შევვარდნილიყავი და თავი ამეფეთქებინაო... მესმის მისი ტრაგედია, მაგრამ არ მესმის ხელისუფლების პოზიცია, რატომ არ მოხდა თავის დროზე თემირლანის საქმისთვის კვალიფიკაციის მიცემა.

 

თემირლანის მიმოწერა ხომ ქართველ სამართალდამცველებს არ ამოუღიათ, ეს ამოიღო FBI-მ (სადაც ჯიჰადის ელემენტებსა და ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი). აქ კი მოინათლა, რომ ეს ბიჭი ფანტაზიორობდა. როცა ჩატაევი სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, შეიძლება ტერაქტი სტამბოლში ვერ მოვაწყო, მაგრამ თბილისში მოვაწყობო, ესეც ემოციურ ნათქვამად ჩავთვალოთ?

 

ვფიქრობ, ხელისუფლებამ მიუშვა პროცესი, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრი არ არის მის მხარეს, რადგან მთავარია „მძინარე ბავშვის“ ლოგინში მოკვლის თემა. მთავარი ის კი არ არის, ვინ გაისროლა, ვინ დაგეგმა ოპერაცია ისე, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ. სწორედ ამ „მორიდებამ“ მიიყვანა სიტუაცია იქამდე, რომ დღეს საზოგადოების ნაწილი მაჩალიკაშვილს ამართლებს.

 

- ცოტა ხნის წინ პანკისში განვითარებული მოვლენები ყველას გვახსოვს... შესაძლოა, რომ მაჩალიკაშვილის თემამ ხეობაში კიდევ უფრო გაამწვავოს და დაძაბოს ვითარება?

 

- პანკისში მაჩალიკაშვილის უბედურების მიმართ არ არის ცალსახა დამოკიდებულება. მას ყველა თანაუგრძნობს, მაგრამ თემირლანის გარემოცვაში ყველამ კარგად იცის მისი როლი და ფუნქცია. თემირლანი რომ საქმის კურსში იყო, რისთვის ჩამოვიდა ჩატაევი, ეს ცნობილია. ცალხელა და ცალფეხა კაცმა საზღვარი უკანონოდ გადმოლახა, კონსპირაციულ ბინაში იმალებოდა და თემირლანი ვერ ხვდებოდა, რისთვის იყო ჩამოსული?

 

- ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება თემირლანის საქმის გადაფარვას ემსახურება...

 

- არადა, სწორედ თემირლანის საქმეზეა მიბმული. ხეობაში ვაჰაბიზმის ბუმი იყო და მთელი ახალგაზრდობა ორიენტირებული იყო, სირიაში წასულიყო საომრად.

 

რატომ არავინ იხსენებს, როგორ უვარდებოდნენ მშობლები სახლში აიუფ ბორჩაშვილს, რატომ გაუშვი ჩემი შვილი სირიაშიო? ისიც ვიცი, ამაზე რას პასუხობდა ბორჩაშვილი - 10 შვილი მყავს და რაღაცით ხომ უნდა შევინახოო. ამ ახალგაზრდული ფონის ერთ-ერთი ფიგურანტი მაშინ თემირლანი იყო და სირიაში იმიტომ არ მოხვდა, რომ პატარა იყო.

 

თემირლანმა იცოდა, ვინ იყო ჩატაევი და ისიც იცოდა, რომ უბრალო საქმეზე არ იყო ჩამოსული. შეიძლება არ ჰქონოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტს აპირებდა აბრეშუმის გზის ფორუმის წინააღმდეგ, მაგრამ მას რომ თანხები ერიცხებოდა და ისინი ტელეფონის ნომრებს ხშირად ცვლიდნენ, ამას ხომ ტერორიზმის ხელშეწყობა ჰქვია? დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილი ასოცირდება უსამართლობასთან! - ასე ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი და ამას ხელი შეუწყო ზოგმა ჟურნალისტმა, ტელევიზიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ პოლიტიკურმა პარტიამ.

 

ხელისუფლებამ სიმართლე უნდა უთხრას საზოგადოებას და რაც შეიძლება მალე!

 

 

- პანკისელების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ პანკისის ხეობა კვლავ საფრთხედ აღიქმებოდეს...

 

- ყველამ დაამთავროს სპეკულაცია ქისტების და პანკისის თემით. საზოგადოებამ არ იცის და მე მინდა გითხრათ, რომ გილაევის ცნობილი ლაშქრობის დროს, აფხაზეთში 5 ქისტი საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. სხვა ომებზე აღარ ვლაპარაკობ. პანკისის ხეობა თავის სიტყვას კიდევ იტყვის საქართველოს სასიკეთოდ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner