მასშტაბური ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლის გახსნაც აგვისტოს ბოლოს იგეგმება, ტყიბულის სპორტის სასახლეა. გასულ წელს 200 ათასი ლარის სამუშაო ჩატარდა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ, „იმერეთმა", განახორციელა. რეაბილიტაციის პროცესი 2016 წლის იანვრიდან განახლდა და ამჟამად უკვე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები ტარდება.
შენობაში მიმდინარე პროცესებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგბელი რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან და სამსახურის უფროსებთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ამ სპორტული ნაგებობის ეზოს კეთილმოწყობის მიზნით, ქალაქის ბიუჯეტიდან სათანადო ფინანსების გამოყოფა მოხდება, რათა სასახლე ექსპლუატაციაში სრულყოფილი სახით შევიდეს.