ავტორი თამუნა მარშანიშვილი
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამის ,,სამოსელი პირველის" მუსიკალურ გაფორმებას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი დავით კინწურაშვილი უხელმძღვანელებს.
,,როდესაც შევიტყვე, რომ ცოცხალი ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებ ,,სამოსელი პირველის" ასეთი საინტერესო ინტერპრეტაციით გაცოცხლებას აპირებდნენ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ოპერის თეატრი მზად არის განახორციელოს მსგავსი სიდიდის პროექტები. მალევე დავიწყეთ მზადება, შეიკრიბა შემოქმედებითი ჯგუფი და შვუდექით პროექტის სისრულეში მოყვანა.
ამ ყველაფერში ძალიან ბევრი განსაკუთრებული ადამიანი იღებს მონაწილეობას. ჩვენს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რეპეტიციას გადიან, საბალეტო დასი, ორკესტრი, გუნდი, სოლისტები, მსახიობები. ყველა ეს სიახლე რაც ჩვენ გავაერთიანეთ, პროექტს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის და შემიძლია ვთქვა, რომ განახლებულ ოპერის თეატრში მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ გაკეთებულა.
რაც შეეხება რეპეტიციებს, ის აქტიურ ფაზაში გადავიდა და ყოველ დღე ვემზადებით 31 მაისის გრანდიოზული პრემიერისთვის. ორკესტრი და მომღერლები ყოველ დღე მეცადინეობენ. საბალეტო მონაკვეთებიც გამზადდა. ახლა დაიწყება ამ ყველაფრის შეკვრა, დეკორაციების შეტანა სცენაზე, განათებისა და გახმოვანების დაყენება და სპექტაკლიც დასრულებულ სახეს მიიღებს. შემოქმედებითი ჯგუფი კი ალბათ ბოლო წუთამდე განაგრძობს რეპეტიციებს.
შემიძლია გავასწრო მოვლენებს და ვთქვა, რომ ეს იქნება წარმოდგენა, რომელშიც გაცოცხლდება ის საოცარი პერსონაჟები, რომლებიც ნაწარმოებშია, ეს იქნება, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მუსიკის თანხლებით, რომლის ავტორიც ზაზა მარჯანიშვილია.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სპექტაკლი ჩაჯდეს ოპერის თეატრის რეპერტუარში და გავიმეოროთ, რადგან დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა და ინტერესი მისდამი, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი იქნება", - განაცხადა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახლმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირიჟორმა დავით კინწურაშვილმა.