„მაღაროელთა ხელფასების მომატების საკითხი „ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული და დიდი იმედი მაქვს, გადაწყდება მოლაპარაკებების გზით“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას თავად იმყოფებოდა ჭიათურაში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
სერგეენკოს განცხადებით, ყველა საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, იქნება მოგვარებული.
„ასეთ შემთხვევებში ვალდებული ვართ, შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ, თუმცა გაფიცულებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე.
წინა შაბათს, ზუსტად ერთი კვირის წინ, ვიყავი მათთან ჩასული. აქ რამდენიმე საკითხია: მათი ჯანდაცვითი სერვისების უზრუნველყოფა, კვების უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ისინი ცვლაში იმყოფებიან და შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა. ის, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია და ვალდებულიც არის აქტიურად ჩაერიოს. კვირა დღესვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ყველა ეს საკითხი იქნება მოგვარებული.
რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს თავად კომპანიის მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ, გამოეყოთ წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ უარი განაცხადეს. დიდი იმედი მაქვს, ხელფასების მომატების საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ჩამოვთვალე, ამაზე ვართ პასუხისმგებლები და მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ“,- განაცხადა სერგეენკომ.