logo_geo
eng_logo
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია
- +

25 მაისი. 2019. 15:53

 

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი გარეჯში იმყოფება და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მისული ჩიჩხიტურის მონასტერთან.

 

„აქ, როგორც ჩანს, ფაქტობრივად ტექნიკა არ მუშაობს, გაყვანილია, თუმცა ეს საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან. პრინციპი ერთი ცხადი არის, რომ ვერაფრით შეეგუება ეკლესია იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ირღვეოდეს. ჩვენ ვიცით, რომ 1996 წელს ორ სახელმწიფოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წელს შედგენილი რუკის მიხედვით და შემდგომში სადემარკაციო კომისიის მუშაობამ ძალიან სავალალო შედეგი დადო. იმ საზღვრიდან გაცილებით შიგნით არის, კომისიის მიერ დადგენილი ხაზები. სავარაუდოდ 250-300 მეტრით აქეთაა. რთული პროცესია, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან თუ გაერკვევა. საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და ჩართული იქნება ამ პროცესებში“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

კითხვაზე, ხომ არ ჩაერთვება ეკლესია სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებებში, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას არ ჰგონია მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას, თუმცა აღნიშნავს, რომ მუდმივი მონიტორინგი საპატრიარქოს მხრიდან ამ პროცესს გაეწევა.

 

„არ მგონია, რომ უშუალოდ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ ჩვენ. გვექნება ალბათ მუდმივი მონიტორინგის მსგავსი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ყველა იმ უწყებასთან, ვინც ჩართული იქნება ამ პროცესში. რითიც შეგვეძლება, დავეხმარებით. აქ პრობლემა ალბათ საერთოა - სახელმწიფოსიც და ეკლესიისაც და ამიტომ ჩვენ გვმართებს, რომ გაცილებით უფრო გამჭვირვალე და ცხადი იყოს პროცესი. ხალხის მოთხოვნაა ასეთი, რომ ეს მოლაპარაკებები, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რომ თითოეული დეტალი გაცხადდეს და ვიცოდეთ, რა პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა დეკანოზმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner