logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ქუთაისში ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის დაცვით მოხდა
- +

25 მაისი. 2019. 16:25

 

 

„მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მინისტრი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.

 

„ჩვენს ოპონენტებსა და გარკვეულ მედიასაშუალებებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ ეს თემა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამხელა სპეკულაციები ხდება ისე, რომ ტექნიკური დეტალები არავის მოუკითხავს. ეს არის 2017 წლიდან დაწყებული თემა, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა გადაწყდა ქუთაისის ტერიტორიაზე. მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ რეალურად იქ იყო დაზიანებული, გამხმარი ხეები, რომელთა ამოღება ისედაც ხდება და სანიტარიულადაც საჭიროა. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებით, იქ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, მათ შორის უკვე არსებული პრობლემების გამოსწორებასაც“,- განაცხადა დავითაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განკარგულებით, რომელიც 2019 წლის 17 მაისით არის დათარიღებული, ასოციაცია „ატუს“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა. საუბარია ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მიზნით, ბუნებრივი გარემოდან 60 ძირი იმერული მუხის და 49 ძირი ძელქვას ამოღებაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner