„მთავარია, ორივე მხრიდან არის ნება, რომ საკითხების მოგვარება ისე მოხდეს, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავითგარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდა.
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კომისიის საქმიანობა შეჩერებული იყო. ჩვენ კომისია განვაახლეთ და მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა შედგა, რომელსაც უკვე შემდგომი შეხვედრა თბილისში მოჰყვება. ამ კომისიას ის ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს, რომ იქ მიმდინარე მოვლენებზე მყისიერი რეაგირება ხდება. სწორედ კომისიის ფარგლებში იყო საკითხი დაყენებული იქ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელია, პროცესები შეწყდეს, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, აუცილებელია, რომ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არვის მიეცეს. იქ იმის აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც სტატუს კვო იცვლება.
ველით, რომ ექსპერტები ჩამოვიდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. ძალიან შრომატევადი საქმიანობაა. ვერც ერთი, ორი და სამი რაუნდით საბოლოო სიტუაცია ვერ მოგვარდება. ეს წლების წინ არის დაწყებული და ძალიან მძიმე, საბჭოთა მემკვიდრეობაა. მაგრამ მთავარია, რომ პროცესი დაიწყო და ორივე მხრიდან ნებაა, რომ როგორც საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება, საკითხების შეთანხმება ისე მოხდეს“,- განაცხადა ზალკალიანმა.