„დიასპორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში დღეს გამართულ ღონისძიებაზე ძალიან ბევრ მიმართულებაზე იყოს საუბარი.
„დიასპორის წარმომადგენლები თემატურ ჯგუფებში იქნებიან გადანაწილებული, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ევროკავშირში ინტეგრაცია და ვიზა-ლიბერალიზაცია იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ურთიერთობა, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე ინფორმაციას უშუალოდ ფლობენ, თუ რა პროცედურები არსებობს და რა შეიძლება, ამ პროცედურების დარღვევამ გამოიწვიოს. ამიტომ სწორი კომუნიკაციის თვალსაზრისით და იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აქვს წამოწყებული, დიასპორის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში.
„ჩვენ სამუშაო ჯგუფებში დეტალურად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო ეფექტიანად და რა საერთო ღონისძიებები შეიძლება, დაიგეგმოს. ყველა ჩვენი საელჩო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს დიასპორულ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობაშია, რადგან ზუსტი განმარტებები აუცილებელია“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ასევე დიასპორას საქართველოში სანათესავო ჰყავს და მათი კომუნიკაცია და ჩართულობა, როგორც სოციალურ სივრცეში, ისე პირადი თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.