logo_geo
eng_logo
ხვალ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს მოუსმენენ
- +

27 მაისი. 2019. 13:24

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნოკოლოზ ჩიქოვანს ხვალ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრა დახურული იქნება.

 

დეპუტატებს აინტერესებთ, რას გეგმავს კომპანია გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით.

 

„ამ ეტაპზე, საჭიროდ მივიჩნიე, ერთ მხარეს მოვუსმინოთ და შემდეგ მყისიერად შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება სხვანაირი ჩართულობისაც. ვფიქრობ, დახურული ფორმატით მეტად საქმიანი შეხვედრა იქნება და შემდეგ უკვე შეგვიძლია, ყველა მხარის მონაწილეობით ხვალვე ან მომავალ დღეს გავმართოთ ღია შეხვედრა. პირველ რიგში, გვაინტერესებს რამდენად სამართლიანია  მოთხოვნები, რამდენად არის გადაწყვეტადი, სახელმწიფოს რა როლი არის ამ ყველაფერში, გვინდა, აღნიშნულ კითხვებზე მოვისმინოთ პასუხები“, -მიმართა კომიტეტის წევრებს რომან კაკულიამ.

 

დახურული ფორმატის მოსმენის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოყვა დეპუტატთა ნაწილის მხრიდან.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მოსმენის ღია ფორმატში გამართვა მოითხოვა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ კი, კომიტეტის გასვლითი სხდომა მოითხოვა და დეპუტატებს მოუწოდა, ადგილზე გაეცნონ სიტუაციას.

 

როგორც ამ წინადადებების საპასუხოდ რომან კაკულიამ აღნიშნა, სწორედ სპეციალური მმართველის მოსმენის და მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადაწყვეტს კომიტეტი, რა ტიპის შეხვედრებს გამართავს ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვასთან დაკავშირებით.

 

ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა.

 

ამასთან, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner