„ნებისმიერი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჰარმონიულად განვითარებული ჯანმრთელი, ფიზიკურად და სოციალურად აქტიური მომავალი თაობა, აქედან გამომდინარე, ამ სფეროს განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს და შესაბამისად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლებაც”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზატორებს ღონისძიებაზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მედიცინის აღნიშნული დარგის წარმომადგენელთა საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სახელმწიფოსთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული ნებისმიერი საქმიანობა. ამ სულისკვეთების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანმრთელობის დაცვა განსაკუთრებულ პრიორიტეტად გვექცია და ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს, რამაც გასული წლების განმავლობაში, ამ სფეროს საკმაოდ სწრაფი განვითარება გამოიწვია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო გაეროს 193 წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად მოქმედებს, რომლის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, ვითარების გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის კუთხით.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით იმ დემოგრაფიული სირთულეების გათვალისწინებით, რომელიც დღევანდელ სამყაროში არსებობს და რაც პრობლემა და გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვისაც”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ცნობილი ქართველი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, კონსტანტინე ჩაჩავას მოღვაწეობასა და მის მიერ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
„კონსტანტინე ჩაჩავას სახელი ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მის მიერ განხორციელებული კვლევები, ნაშრომები დღესაც არ კარგავს აქტუალობას არც საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინე ჩაჩავას მიერ დაწყებულ საქმეს ამდენი გამგრძელებელი ჰყავს. მინდა აღვნიშნო ჩაჩავას კლინიკის თაობაზე, რომელიც სიახლეებისადმი მისწრაფებით და ინოვაციურობით გამოირჩევა. ჩემი ორივე შვილი ქვეყანას ჩაჩავას კლინიკაში მოევლინა. ალბათ არ ჩამომართმევთ სუბიექტურობაში, თუ ვიტყვი, რომ ეს კლინიკა საქართველოში ნამდვილად გამორჩეულია და მუდმივად ისწრაფვის სიახლეების დანერგვისა და ინოვაციისკენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს კლინიკა თამამად ატარებს კონსტანტინე ჩაჩავას სახელს“,- განაცხადა მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, კლინიცისტის და პედაგოგის, პროფესორ კონსტანტინე ჩაჩავას ხსოვნას ეძღვნება.