იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „La Repubblica“ იტყობინება. ევროპარლამენტში, გამოცემის ცნობით, ბერლუსკონი მისი პარტიის „წინ, იტალია“ (Forza Italia) სიით მოხვდა. არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიამ „წინ, იტალია“ ხმების 8,7 პროცენტი მოიპოვა (ევროპარლამენტში მოსახვედრად საკმარისი იყო 4-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა).
ყოფილი პრემიერისთვის ევროპარლამენტარობა ახალი არ არის. 1999-2001 წლებში ბერლუსკონი უკვე წარმოადგენდა იტალიას ევროპარლამენტში.
„ჩვენ კვლავ შეუცვლელი ვართ, „Forza Italia“-ს გარეშე მემარჯვენე-ცენტრისტები მარცხდებიან“, - განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.