„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.
ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.