„ყველას აქვს პრეტენზია, უბრალოდ, ხმამაღლა რატომ არ იძახიან ამას, არ ვიცი“,- ამის შესახებ კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი საუბრობს.
„ყველაფერი ისე რომ კეთდებოდეს, როგორც წესი და რიგია, მარტო ერთი მომღერლის - მერაბ სეფაშვილის რეპერტუარიდან შემოსული თანხა მეყოფოდა, რომ ღირსეული ჰონორარი ამეღო. პენსიონერად მაქციეს კაცი, მეუბნებიან, გინდა თუ არა, 200 ლარი უნდა გეყოს თვეში საცხოვრებლადო, ასე არ გამოდის, კვარტალში ერთხელ სამადლოდ 500-600 ლარს რომ გადმომიგდებ? ერთადერთი შემთხვევა მასოვს, ორი წლის წინ საახალწლოდ ჩარიცხეს 1000 ლარი და გახარებული ვიყავი, ვიფიქრე, გვეშველა-თქო, შენც არ მომიკვდე. გაოცებული ვარ, ეს დამალული არ არის, ყველას აქვს პრეტენზია, უბრალოდ, ხმამაღლა რატომ არ იძახიან ამას, არ ვიცი. ეტყობა, ჩვენ თაობას კიდევ შემორჩა ეს თავაზიანობის და თავშეკავებულობის კულტურა, მაგრამ დროა, ხმა ამოვიღოთ, მეგობრებო“, - აღნიშნავს გია მაჭარაშვილი.