logo_geo
eng_logo
სალომე შენგელია: არის თუ არა გამოძიება გაჭიანურებული, ეს უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად
- +

27 მაისი. 2019. 19:25

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის სალომე შენგელიას განცხადებით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არის თუ არა გამოძიება გაჭიანურებული, ეს ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

 

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სისხლის სამართლის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადებზე, ისევე როგორც უფლებამოსილების ფარგლებზე, გავიმეორებ ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არის თუ არა გამოძიება გაჭიანურებული, ეს ინდივიდუალურად უნდა შევაფასოთ. მოგეხსენებათ, არასათანადო მოპყრობის საქმეები არის რთული კატეგორიის საქმეები და ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოსაც კი უჭირს ხოლმე ხშირად დადგენა, გაჭიანურდა თუ არა გამოძიება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხუთწლიანი გამოძიების ვადაც არ ჩათვლილა გამოძიების გაჭიანურებად, უფრო ნაკლებ ვადებში კი მიჩნეულა არაეფექტიანად გამოძიებული. ასე რომ, კონკრეტულ ვადას ჩვენ ვერ მივაბამთ გამოძიების ვადას, იმიტომ რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ არის განსაზღვრული გამოძიების ვადა, გარდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობისა“, - განაცხადა სალომე შენგელიამ.

 

სალომე შენგელიამ, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზაობას, სახალხო დამცველი გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს მაშინ, როდესაც საქმეზე გამოძიება შეწყდება, თუმცა, ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, გამონაკლისის სახით, სახალხო დამცველს საშუალება ექნება, რომ საქმის მასალებს გაეცნოს.

 

„რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის საქმეების გაცნობას, დიდი ინტერესით ველოდებით ანალიზს. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ხარვეზები არასათანადოდ მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად ეფექტიანად ჩატარდა ან რატომ არ ჩატარდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ამოცნობა, ან კონკრეტული მოწმე როდის გამოიკითხა, ამაზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რაც სახალხო დამცველი ამ ანგარიშს წარადგენს“, - განაცხადა სალომე შენგელიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner