„ილჰამ ალიევი ბრძენი მმართველია და ძალიან მიკვირს, რატომ აკეთებს იმას, რასაც დავითგარეჯში აკეთებს“,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„აზერბაიჯანის ხელისუფლების აკვიატება და ახირება იმის შესახებ, რომ დავითგარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია, პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი. საქმე იმაში გახლავთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღში არსებულ სომხურ ქრისტიანულ ტაძრებსაც ალბანური კულტურის ნაწილად აცხადებს და სწორედ აქედან გამომდინარე, იბრძვის ყარაბაღის დასაბრუნებლად. თუ აზერბაიჯანმა „გამონაკლისი“ დაუშვა და აღიარა, დავითგარეჯი ქართულიაო! - ცხადია, მას ასეთივე, „გამონაკლისის“ დაშვება მოუწევს ყარაბაღშიც და საბოლოოდ მივა იქამდე, რომ ყარაბაღის ძეგლების სომხურობასაც აღიარებს, რაც გამორიცხულია.
ყველამ კარგად გაიგოს: აზერბაიჯანული ენერგომატარებლები ევროპაში საქართველოს გარეშე ვერ გავა! ირანს აზერბაიჯანის გაზი და ნავთობი არაფერში სჭირდება, რადგან მთელი ირანი გაზსა და ნავთობში იხრჩობა; სომხეთზე აზერბაიჯანული ენერგომატარებლების გატარება გამორიცხულია; დარჩა საქართველო და რუსეთი. თუ ბაქო რუსეთიდან შეეცდება თავისი ენერგომატარებლების ევროპაში გატანას, მაშინ მას მოუწევს კაბალური ფასის გადახდა, რაც სიგიჟეა. ასე რომ, საუკეთესო და უნივერსალური მარშრუტი აზერბაიჯანული ნავთობისთვის საქართველოა. ილჰამ ალიევი ბრძენი მმართველია და ძალიან მიკვირს, რატომ აკეთებს იმას, რასაც დავითგარეჯში აკეთებს“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.