ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავითგარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს.
ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას.
„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.
რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავითგარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.
„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.