საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას დავითგარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეახსენა.
„თქვენ იცით, რომ მუშაობა განაახლა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ. აღნიშნული საკითხი ორ ათეულ წელზე მეტია, გაყინულია და როგორც მოსალოდნელი იყო, გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები ამ საკითხის ირგვლივ. მათ შორის, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთდა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება.
მინდა, შეგახსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც დავითგარეჯის თემაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთდა“,- აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პირველი განცხადება აზერბაიჯანში, ოფიციალური ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან: „გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მე მჯერა და ვისურვებდი, რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობების და მეგობრობის. ამ იმედით მინდა დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა“.
მეორე განცხადება, რომელიც „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტებთან ერთად, პრეზიდენტის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა: „ამოვედი დავითგარეჯის ზედა ნაწილში „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად და დავათვალიერეთ კლდის ნახატები და ფრესკები ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავითგარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს“.
მესამე განცხადება გაკეთებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: „საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა. მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები“.