„დავითგარეჯის საკითხში თურმე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ყოფილა თავიდანვე, ეს ახლა გავიგეთ ქალბატონი სამადაშვილისგან და მინდა, ვკითხო მას, ბოლოს როდის დაესიზმრა ეს კაცი, როდის შეაშინა და რა უთხრა, იქნებ გაგვიმხილოს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას გამოეხმაურა.
„აღვირახსნილობასაც საზღვარი აქვს. კარგად ვიცით ყველამ უკვე, რომ სეტყვა როცა მოდის, ეს ბიძინა ივანიშვილის ბრალია, მას ღილაკი აქვს, დააჭერს ამ ღილაკს და მოდის სეტყვა, მაგრამ დავითგარეჯთან დაკავშირებითაც თურმე მისი მონაწილეობა ყოფილა თავიდანვე, ეს ახლა გავიგეთ და მინდა, ვკითხო ქალბატონ სამადაშვილს, ბოლოს როდის დაესიზმრა ეს კაცი, როდის შეაშინა და რა უთხრა, იქნებ გაგვიმხილოს“,- განაცხადა ქანთარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავითგარეჯშიც, იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა“.