logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ არის განპირობებული მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის მისწრაფებით
- +

28 მაისი. 2019. 16:51

 

 

„აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ არის განპირობებული მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის მისწრაფებით“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც დავითგარეჯის საკითხზე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა – ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა მოკავშირეების, განპირობებულია იმით, რასაც ეწოდება კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე ენერგორესურსების მოძრაობის სტრატეგიული კურსი.

 

„აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა არ არის განპირობებული მხოლოდ პათოსით და შინაგანი განწყობით. ეს არის განპირობებული სტრატეგიული ამოცანებით და პრინციპებით, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ორივე მხარეს და პრაგმატული გადაწყვეტილებაა.

 

ამავე დროს, არის მოწოდებები. მაგონდება მოლაპარაკებები, ამ შემთხვევაში ცხინვალი, რამდენიმეჯერ მოგვიწია გვიანობამდე მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე ევროკავშირთან ერთად და ჩვენ თავზე გადადიოდა ჭურვები, რომელსაც დღევანდელი ჩვენი კოლეგები, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ისროდნენ შუა მოლაპარაკებების პროცესში. ახლა ერთი მხარე მოგვიწოდებს დაძაბულობისკენ, მეორე მხარე კი, ვითომ, იმ პირველ მხარეს მოუწოდებს გონიერების შენარჩუნებისკენ. ამავე დროს, ერთიც და მეორეც საზოგადოებაში განაპირობებს გაურკვევლობასა და აგრესიას. ძალიან რთულია სამი თუ ოთხი წუთის განმავლობაში გაარჩიო მტყუანი და მართალი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ თავზე დაიხია სამართალი და დღეს მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები, რომ აუცილებელია დემარკაცია, დაძაბულობას განაპირობებს.

 

„ჭიათურა, დავითგარეჯის და სხვა უამრავი თემა, თუნდაც ოკუპაციის თემა, ასევე ახლა რასაც უწოდებენ გაუგებარ და სამარცხვინო ფურცელს თავისი ისტორიის, როდესაც საერთოდ თავზე დაიმხეს და თავზე დაიხიეს სამართალი, კანონი და ლოგიკა, დღეს ამბობენ, თურმე სალომე ზურაბიშვილის საუბარი იმის თაობაზე, რომ აუცილებელია დემარკაცია, არის განმაპირობებელი დაძაბულობის ან თითქოს, ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული ამით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ვიცე-სპიკერის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან ეს არის თვალთმაქცობა.

 

„რა არის ეს, თუ არა თვალთმაქცობა – ვითომ მოწოდება, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები უნდა იყოს გარკვეული და მეგობრული, რასაკვირველია, უნდა იყოს და მეორე მხრივ, გარკვეული გაუგებრობების შემოტანა ქართველ საზოგადოებაში. როგორც ევროპულ ფასეულობებს იცავს ადამიანი, ვინც ევროპულ ფასეულობებს არღვევს, ზუსტად ასეთი სტრატეგიული თვალთმაქცი ფანდია, რასაც დღეს ვუყურებთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თუნდაც მათ განცხადებებში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია აზერბაიჯანს ერთი ხელით ვითომ, მეგობრულ ჟესტს უკეთებს და მეორე მხრივ, კორუფციაში მონაწილე მხარედ ასახელებს.

 

„საუბარი იმაზე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი და კიდევ ვიღაც ადამიანთა ჯგუფი დაინტერესებულია, რაღაც კორუფციული გარიგება მოხდეს აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანს ამავე დროს ერთი ხელით, ვითომ მეგობრულ ჟესტს უკეთებენ და მეორე მხრივ, კორუფციაში მონაწილე მხარედ ასახელებენ. ეს არის შენიღბული დანაშაული, რასაც სწორი შეფასება და სწორი დასკვნა უნდა მიეცეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner