შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძემ დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, დღეს დილიდან, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ პერიმეტრის მონიტორინგს.
„დღეს დილიდან, ამ პერიმეტრზე, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს. ასევე, დილიდან გვქონდა შეხვედრა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო.
ასევე, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არცერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე არ ამოსულა იქითა მხრიდან, არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.
მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“.
ჟურნალისტის კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ინციდენტს, თემურ კუპატაძემ განაცხადა, რომ იყო მცირე ინციდენტი, რადგან იქ შეკრებილ ადამიანებს ტერიტორია ეგონათ დაკეტილი, თუმცა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის, მათ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.
„მცირე ინციდენტი იყო. ადამიანებს ეგონათ, რომ იყო დაკეტილი ეს ადგილები და მათ არ ექნებოდათ გადაადგილების უფლება, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ეს ასე არ ხდება - დამშვიდდნენ, მოილოცეს და ბრუნდებიან უკან“, - განაცხადა თემურ კუპატაძემ.