logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრ სახლში საიდუმლო ჩამწერი სისტემა დააყენა
- +

29 მაისი. 2019. 02:57

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

ზუსტად ამ დღეს, 1917 წლის 29 მაისს დაიბადა აშშ-ის 35-ე, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, პირველი კათოლიკე და მე-20 საუკუნეში დაბადებული პირველი პრეზიდენტი, ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ნიჭიერი და მომხიბვლელი, გაბედული და განსაკუთრებული, ჯონ ფიცჯერალდ კენედი...

 

მასზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ უბრალოდ შეგახსენებთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს...

ჯონს ბავშვობიდან აწუხებდა ტკივილები ხერხემალში, ამიტომაც საკუთარ რეზიდენციაში ხშირად დადიოდა ყავარჯნებით ან ჯოხით, მაგრამ ამის შესახებ მაშინ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ.


მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის მსვლელობაშიც კენედი მძიმედ დაიჭრა და მიიღო 2 მედალი თავდადებისთვის, მან გადაარჩინა სატორპედო კატერის აფეთქების დროს, დამწვარი და წყალში მოხვედრილი11 ამერიკელი ჯარისკაცი. ამისთვის კი დაჭირდა 4 საათი, რის გამოც ხერხემალი კიდევ უფრო დაუზიანდა და მთელი ცხოვრება აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები.

ისტორიკოსების განცხადებით, ჯონ კენედის მხარზე ჰქონდა კუს ტატუ, რომელიც მან მეუღლის, ჟაკლინ კენედის დაჟინებული თხოვნით მოიცილა.

ჯონ კენედი მთელ თავის ხელფასს ჯერ კიდევ სენატორობის პერიოდიდან საქველმოქმედო ფონდს სწირავდა.

 

ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრ სახლში საიდუმლო ჩამწერი სისტემა დააყენა.

ის გახლდათ პირველი პრეზიდენტი, რომელმაც საინაუგურაციო მეჯლისზე საცეკვაოდ აფროამერიკელი ქალბატონი მიიწვია.

აქვე, რომ არ გამომრჩეს მინდა საინტერესო ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ჯონის ძმას, რობერტს ეხება,,,


1968 წელს, როდესაც რობერტმა, რომელიც საკმაოდ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი იყო, ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმა, ჯონ კენედი იყო აშშ პირველი პრეზიდენტი კათოლიკე. შემდეგ კი დაამატა, - „გავა 40 წელი და აშშ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს აფროამერიკელი... მისი წინასწარმეტყველება ახდა ... ზუსტად 40 წელიწადში, 2008 წელს აშშ-ს პრეზიდენტი გახდა ბარაკ ობამა...

სავარაუდოდ ეს ნიჭი ჯონსაც ჰქონდა... უმცროსი ჯონის გაჩენის შემდეგ, სულ ეშინოდა მასთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდომის და ჟაკლინმა, რომელსაც ეს ახსოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ შვილს არ აეღო აეროპლანის მართვის მოწმობა...
ჯონმა მაინც გაიტანა თავისი და 39 წლის ასაკში, თავის მეუღლესთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა... თვითმფრინავს თავად მართავდა...

ჯონ კენედი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მიიღო ჯორჯ ვაშინგტონის მიერ 1782 წელს დაწესებული მედალი Purple Heart.

ჯონ კენედის ძალიან უყვარდა კუბური სიგარები და კუბის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის კაბინეტში 1200 კუბური სიგარა შეიტანეს.

 

ის ჯეიმს ბონდის თაყვანისმცემელი იყო და ფილმი „სიყვარულით რუსეთიდან“ იყო უკანასკნელი ფილმი, რომელიც ჯონ კენედიმ ნახა დალასში საბედისწერო ვიზიტის წინ.

ის იყო აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი (და, ალბათ, არა მხოლოდ პრეზიდენტი და არა მხოლოდ აშშ-ის), რომელმაც მომავალ მეუღლეს ჟაკლინ ბუვიეს წინადადება ტელეფონით გაუკეთა.

 

მათ შექმნეს ერთი შეხედვით, შესანიშნავი ოჯახი, ყველაფრით შემკული… რა უნდა მომხდარიყო, ეს იდილია რომ დაერღვია… ისევ ბებიაჩემის ალექსანდრა ბარათაშვილის თქმის არ იყოს, ალბათ ვიღაცამ გათვალა.

თუმცა იმასაც იძახიან, რომ ადამიანის ბედი - მისი ხასიათია...

ყველასთვის ცნობილია, რომ ჯონ კენედის უყვარდა ლამაზი მანდილოსნები... იმასაც კი ყვებიან, რომ მისი გარდაცვალების 5 თვის შემდეგ მას გაუჩნდა უკანონო შვილი...
თავადაც იძახდა - „არა მგონია, რომ მსოფლიოში არსებობდეს ერთი მამაკაცი მაინც, ვინც თავის მეუღლეს არ ღალატობდესო“...
ჟაკლინისთვის კი, ეს ძალიან რთული გადასატანი იყო, რადგანაც მას ბავშვობიდან მუდმივი პრობლემები ჰქონდა მამამისის დაუსრულებელი ღალატების გამო...

ის დიდხანა ითმენდა... 
ერთხელ, ბავშვებთან ერთად წასული იყო დასასვენებლად და რომ დაბრუნდა, საძინებელში აღმოაჩინა ქალის ტუალეტის პიკანტური ნაწილი...
მან წყნარად მიაწოდა ის ჯონს და უთხრა - „ეს ჩემი ზომა არ არისო“...

ჩვენ ყველა ბავშვობიდან ვიცნობთ სიმღერას Happy Birthday to You, რომელიც, გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი სიმღერაა, რომელიც შექმნეს დებმა - საბავშვო ბაღის აღმზრდელმა პეტიმ და კომპოზიტორმა მილდრედ ჰილებმა. მისი შესრულებისთვის განსაკუთრებული სმენაც არ არის საჭირო...

ისიც ვიცით, რა ვნებიანად უმღერა ჯონ კენედის ეს სიმღერა მომხიბვლელმა მერლინ მონრომ, და რომ მათ ჰქონდათ რომანი, თანაც ერთხელ დაშორების შემდეგ, მეორეჯერ განახლებული...
მერლინს რატომღაც მართლა ჯეროდა, რომ მათ რაღაცა მომავალი ექნებოდათ და ყველგან ყვებოდა ამის შესახებ...

ჟაკლინი არც ამას იმჩნევდა, მაგრამ რაღაცა მომენტში, ვეღარ მოითმინა და გამოაცხადა, რომ ჯონთან დაშორებას აპირებდა...
ეს კი ჯონის პოლიტიკური კარიერის კრახს ნიშნავდა...

ამის შემდეგ, ჯონის მამამ ფიცჯერალდ კენედიმ რძალს აჩუქა მილიონი დოლარი იმ პირობით, რომ ის ოჯახს არ დაანგრევდა...
ჟაკლინმა ფული აიღო...

მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჟაკლინს ჯონი ძალიან უყვარდა... უბრალოდ ნატურით თავშეკავებული ქალი იყო და შესაძლებელია, ჯონს აკლდა მისგან სითბოს გამოხატვა და ემოციები...
იქნებ, ერჩია ჟაკლინს ერთხელ მაინც ეჭვიანობის სცენა გაემართა... ან
კიდევ ერთი ტატუს გაკეთება შეეთავაზებინა...

ჟაკლინის (ჯეკის) და ჯონის უცნაური სიყვარულის ისტორია შეწყდა დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს. 
იმ დღეს ჯეკის Chanel-ის ვარდისფერი კოსტიუმი ამშვენებდა.

ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს, ჯონ კენედის ტკივილის გამო, ეცვა ორთოპედური კორსეტი, რომელმაც საფრთხის შემჩნევისას, საშუალება არ მისცა დაღუნვის. ის სწორად იჯდა ბოლომდე და მკვლელისთვის მშვენიერ მიზანს წარმოადგენდა...

იმასაც ყვებიან, რომ მკვლელობამდე 25 წუთით ადრე, Cambridge News-ის რეპორტიორს დაურეკეს და უთხრეს, რომ ჯონ კენედი მოკლეს. მას ურჩიეს გადარეკოს ლონდონში აშშ საელჩოში და გადასცეს ეს სიახლე. ბრიტანეთის დაზვერვამ გადასცა ეს მონაცემები ამერიკელ კოლეგებს და დაამატა, რომ რეპორტიორი სერიოზული კაცი იყო და ადრე არასდროს არ იყო შემჩნეული არაკეთილსინდისიერებასა და ტყუილში.

ჯონ კენედია გარდაცვალება იყო ამერიკისთვის და არა მხოლოდ ამერიკისთვის უდიდესი ტრაგედია...

გამახსენდა მისი სიტყვები - „ყველა ადამიანს შეუძლია ფრენა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მიმართულებით“...
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მისი ფრენა ძალიან მოკლე აღმოჩნდა...

თეთრი სახლის მიტოვებამდე ჟაკლინმა შეუკვეთა ბაჯაღლოს დაფა, რომელიც ჩამოკიდა პრეზიდენტის საძინებელში, ბუხრის თავზე და დააწერა: „ამ ოთახში ცხოვრობდა ჯონ ფიცჯერალდ კენედი თავის მეუღლესთან, ჟაკლინთან ერთად. მათ აქ გაატარეს 2 წელი, 10 თვე და 2 დღე - 1961 წლის 20 იანვრიდან 1963 წლის 22 ნოემბრამდე“.

მან ჯონ კენედის ცხედართან მოიხსნა საქორწილო ბეჭედი და მეუღლეს ხელში ჩაუდო სიტყვებით - „ახლა მე აღარაფერი არ მაქვს“.

ამიტომ მოდით, ნურც იმას გავიკვირვებთ, როგორც გვჩვევია - „ჯომ კენედის შემდეგ ონასისს რანაირად გაყვა?“... როცა აღარაფერი არა გაქვს, კაცმა არ იცის, რას იზამ...

ბოლოს კი მინდა დავასრულო ჯონ კენედის სიტყვებით:
„ადამიანი კვდება, ერები მაღლდებიან და ეცემიან, მაგრამ იდეა აგრძელებს სიცოცხლეს. იდეებისთვის სიკვდილი არ არსებობს“.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზი იდეებით სავსე დღეს!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner