საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავანტიურისტია და ყველა ნაბიჯზე იტყუება. ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა შეაფასა.
„თავს შევიკავებდი ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასებებისგან, რადგან ჩვენ და უკრაინას ერთად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ამ დაძაბულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, მოკავშირეობის თემა ჩვენთვის პრიორიტეტულია.
რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, რომ ავანტიურისტია. მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა დასავლეთის ინტერესებს, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, მათ შორის 2008 წლის წინა პერიოდში. ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების ყველანაირი იგნორირება მოახდინა. ამასთანავე, სააკაშვილი ადამიანია, რომელიც ყველა ნაბიჯზე, ყველა საკითხთან დაკავშირებით იტყუება. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის მისი ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში სწორი არ იქნება, დამაზიანებელი იქნება.
ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. მაგრამ, როდესაც სასწორზე დებ ამ ორ საკითხს გლობალური მასშტაბით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, ვიდრე ის, თუ სააკაშვილის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ამაზე განცხადება გაკეთებული იყო და ამის შესახებ რამდენჯერმე თქვა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.