საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განუცხადა, ლეგიტიმური და სამართლიანი იქნება, შესაბამისმა უწყებებმა უკრაინას საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.
„ლოგიკური იქნება, რომ ადამიანი, რომელიც ძებნილია, კვლავ მოხდეს მისი ექსტრადირების საკითხის დაყენება“,- აღნიშნავს ქანთარია.
მსგავს პოზიციაზეა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი - აკაკი ზოიძეც.
მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, პროკურატურა ალბათ კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით.
„ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს“,- აღნიშნავს აკაკი ზოიძე.